არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს – კობალაძე დაკავებულ შვილზე

ქართული ოცნების დეპუტატი, კობა კობალაძე შვილის დაკავების შემდეგ აცხადებს, რომ ის ისე არ გაუზრდია, “რომ დანები ატრიალოს”.

მისივე თქმით, უმთავრესია, რომ მსხვერპლი არ არის, გამოძიებით კი ყველაფერი გაირკვევა.

„აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს. ამის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს და ის… არის საკმაოდ ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით მაცხოვრებელი. ჩემთვის უმთავრესი ის არის, რომ პრინციპში არ არის მსხვერპლი, გამოჩნდება ყველაფერი, დამნაშავე პასუხს აგებს.“, – განაცხადა კობალაძემ ფორმულასთან საუბრისას.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვ პირველზე გასული ანონსის შემდეგ თბილისში მომხდარ დაჭრაში ბრალდებულები დააკავა. მათ შორის არის ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი.

შსს–ს განცხადებით, ანონსის გასვლის შემდეგ “შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.”