არ გამომიღია [საყრდენი კედელი], მაბრალებენ ყველაფერს – ბრალდებული მუშა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ მას შენობის საყრდენი კედელი არ დაუნგრევია.

“არ გამომიღია [საყრდენი კედელი], არაფერი არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს…”,– თქვა მან სასამართლოს დატოვების შემდეგ. მას და კიდევ 2 ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, მუშებმა მოანგრიეს კორპუსის როგორც მზიდი, ისე არამზიდი კედლები, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია. პროკურორის, ალექანდრე ძირკვაძის თქმით, ბრალდებულებმა შენიშნეს კედლების მოძრაობა, მისი გამაგრება სცადეს, შემდეგ კი შენობა დატოვეს.

ადვოკატების თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები გულგრილად მოიქცნენ და ისინი სამუშაოს ნახაზის მიხედვით მოქმედებდნენ. სასამართლო პროცესი პირველ დეკემბერს ჩაინიშნა.

8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. ერთი დაშავებულის მდგომრეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, ის გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.

გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა.