“არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს, 2020-ში ევროკავშირის მედიაციაში ჩართულობა ძალიან ღრმა იყო”- ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, მარია კალიურანდმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი უკვე იყო ჩართული მედიაციის პროცესში, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ქართველმა პოლიტიკოსებმა საკითხების გადაჭრა თავად უნდა დაიწყონ. ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
”იქნება თუ არა მედიაციის ახალი რაუნდი? ვიცი რომ სპეკულაცია არ უნდა დავიწყო და ეს ჩემი ძალიან პირადი შეხედულებაა – არ ელოდოთ. ჩემი რჩევა იქნება, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს. 2020-ში ევროკავშირის მედიაციაში ჩართულობა ძალიან ღრმა იყო, მაგრამ რაღაც მომენტში, ქართველმა პოლიტიკოსებმა საკითხების გადაჭრა თავად უნდა დაიწყონ.
საქართველო ვერ იქნება ევროკავშირზე დამოკიდებული პოლიტიკურ პრობლემებზე, პოლარიზაციაზე, რეფორმებსა და საკითხებზე. იმას ვიტყვი, რაც აქამდეც მითქვამს, ეს დამოკიდებულია ქართველ პოლიტიკოსებზე, რომ საბოლოოდ გაერთიანდნენ და დაიწყონ რეფორმების გატარება. რეფორმებს, რომლებიც ელჩმა ჰარცელმა ახსენა, არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ძლიერი ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული დისკუსია სჭირდება” – აცხადებს ევროპარლამენტარი.