არ დასმულა ბათუმში კაფეების დაკეტვის საკითხი, თუმცა დაცული უნდა იყოს ყველა წესი – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს მოუწოდებს, შენობებში ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება გატარდეს.

„აქედან ვთხოვ, მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი. არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ დაცული უნდა იყოს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღე უნდა დალაგდეს კარგად, მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ამ დაწესებულებების, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქ სანიტარული პირობები დაცულია. სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდებდით განსაკუთრებით ბათუმის და ქობულეთის კაფე-ბარებს, რომლებიც ბულვარში მდებარეობს და იქ დასაქმებულ პირებს, რომ აუცილებლად გაევლოთ ტესტირება. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, აუცილებელია, რომ გაიარონ ტესტირება. ამისთვის ბათუმში არსებობს ყველა პირობა. გახსნილია კარვები, მესამე კარავი დაემატა ანბანის კოშკთან და კიდევ 5 დაწესებულებაა, ასევე ამბოლატორიული და დასტაციონალური დაწესებულებები, სადაც შეუძლიათ ჩაიტარონ ტესტირება. ბათუმის რეზიუმე რომ გავაკეთო, საყურადღებოა სიტუაცია, გვაქვს მიკროაფეთქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩაქრება ეს ეპიდაფეთქება, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით. უნდა ვეცადოთ, რომ ინფექციის გატანის პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.