“საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!

მინდა მოგმართოთ, როგორც ევროპაში გაზრდილ ქართველს, ასევე ევროპაში გაზრდილმა ქართველმა, ვისი გულიც ფეთქავს საქართველოს სიყვარულით და გაუსაძლის ვითარებაში იმყოფება ჩვენს სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო.

ჩვენ შევხვედრილვართ არაერთ კულტურულ ღონისძიებაზე, მუსიკისა და ხელოვნების მთავარი ღირებულება კი ჰუმანიზმი გახლავთ. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის ღია წერილით მომემართა. დაუჯერებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, განა შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გამიზნულად არ ეძლეოდეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება? არ შეეძლოს ისარგებლოს ყველაზე ელემენტარული უფლებებით, თუნდაც როგორიც არის სატელეფონო კავშირი საკუთარ ოჯახთან, ეზღუდებოდეს შვილებისა და დედის ხმის გაგონება. და რაც მთავარია, განა შეიძლება მას წართმეული ჰქონდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება? იმყოფებოდეს, უკიდურესად შეურაცხმყოფელ გარემოში, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, სადაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოტყუებით იქნა გადაყვანილი.

მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგების, ქართველი ხელოვანების მიმართვას და გითხრათ, რომ დღეს თქვენ შეგიძლიათ განმუხტოთ ვითარება, წერტილი დაუსვათ არაადამიანურ ქმედებებს და ამით დაეხმაროთ არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც უკიდურეს განსაცდელში გრძნობს თავს და სასოწარკვეთილია.

ვემიჯნები ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებას, მე მინდა ერთადერთი – წარმოვადგენდე ჰუმანურ, დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც არ იმეტებენ და არ კლავენ (უკვე მეორედ) ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტებს. მინდა წარმოვადგენდე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხალხის ქვეყანას, რომელიც თავისი ნებით კი არ ექცევა ოკუპანტის კლანჭებში, არამედ ამაყობს თავისი უნიკალურობითა და თავგანწირული ხალხის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობით.

დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად შესაძლოა თქვენ გაგიჭირდეთ მშვიდი ძილი და განვითარებული დრამა გაგყვეთ მთელი ცხოვრება, რადგან თქვენ დღეს შეგიძლიათ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ამ გაურკვეველი, მოჯადოებული წრის გარღვევა.

გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები და არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება – გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში და გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე გადაარჩინეთ ჩვენი ისტორია!

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება, ქვეყანაში, სადაც თავის ხალხს აყურებინებენ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, როგორ უნდა გამოვიდეს მუსიკოსი სცენაზე და როგორ უნდა იპოვნოს საკუთარ თავში დაკვრის ძალა”

მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.