”არ ვიცოდით ინიცირებული თუ იყო ეს კანონპროექტი” – ასე პასუხობს, “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ტელეწამყვანის კითხვას, თუ რატომ არ მონაწილეობდა, პარლამენტში შესული ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ჯარიმების გამკაცრების კანონპროექტის განხილვაში. ამის შესახებ, მან “მთავარი არხის” ეთერში, “დღის სტუმარში” ისაუბრა.
“ეს იყო ფორსმაჟორი ჩვენთვის და არ გვქონდა ინფორმაცია წინასწარი, რომ ამ კანონპროექტის განხილვას აპირებდნენ, ფარულად გაიტანს ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით. ღამის 10 საათზე გააკეთეს მეორე მოსმენა. თავიდან არ ვიცოდით ინიცირებული თუ იყო ეს კანონპროექტი.
ვინაიდან ეს ჯგუფი , ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, შეთანხმებული ვიყავით, რომ მარტო შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეგვეძლო ოპონირება და შესვლა…როცა გავიგეთ საღამოს, დავგეგმეთ, რომ დილით უნდა მივსულიყავით სამი ადამიანი – ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია და მე, მაგრამ იყო განცხადება, რომ არ ჩაითვალოს და შევინარჩუნოთ პოზიცია, რაზეც ვიყავით შეთანხმებული რომ მიშელის დოკუმენტზე ვმუშაობთ მხოლოდ, ვინაიდან ნიკა მელია არ არის გამოშვებული, შევიდეს მარტო ანა ნაცვლიშვილი, რომელიც გააჟღერებდა დანარჩენი ადამიანების პოზიციას”- ამბობს მანჯგალაძე