ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით – იმნაძე საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე

სუბსიდირებულმა დოლბანდის პირბადეებმა, რომელიც სააფთიაქო ქსელში გუშინ ჩაეშვა, სოციალურ ქსელში და ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ პირბადე უხარისხოა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ამბობს, რომ პირბადეების დამზადების ტექნოლოგია აპრობირებულია და წლობით, ერთჯერადი ნიღბების შექმნამდე, შავი ჭირზე ასეთ პირბადეს იყენებდნენ.

,,ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა” – მიწერა იმნაძემ ნეტგაზეთს. ის ასევე აღნიშნავს, რომ პირბადე CDC-ს რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.

,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, აღნიშნული პირბადეები იმდენად უხარისხოა, რომ თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს მის გაკეთებას.

საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში გასაყიდად გუშინ შეიტანეს. თითოს ფასი 50 თეთრია.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე. მისი თქმით, პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი ჯდება, ამიტომ მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ.