მოლაპარაკებები გვაქვს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან – გახარია ტურიზმზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან და ავსტრიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან. თუმცა, იქ ახლა არის შიდაევროპული პროცესი, რომლის გადაწყვეტილებებიც უახლოეს პრიოდში იქნება მიღებული, და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ”,- ამბობს გახარია.

პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ მიღწევები რისკის ქვეშ არ დადგება, თუმცა საქართველო იქნება ყველაზე მწვანე ქვეყანა.

“ხაზგასმით აღვნიშნავ – ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ის რაც ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და არ უნდა დავაყენოთ, თუმცა, ამასთან ერთად გეტყვით, რომ საქართველო იქნება ყველაზე მწვანე ქვეყანა”,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერმა თქვა, რომ იმ ქვეყნებში, რომელთანაც საქართველოს ტურიზმზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებული ჰქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც დალოდება სთხოვეს.