შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს, რის გამოც 15 პირი დააკავეს და სპეცსაშუალებები გამოიყენეს.
“აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანში და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს. სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს”,– აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, ტერიტორიაზე რჩება შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”,– წერია შსს-ს განცხადებაში.