“აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, დაღლის და სახლში ჯდომის უფლება არ გვაქვს “-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. მელიას თქმით, აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ასევე, სუს-ის შენობასთან მეოთხე ლოკაციას კი ჯერ არ ასახელებს.
ხვალ, 10 ნოემბერს, 11 საათზე ერთდროულად აქცია 3 ადგილას გაიმართება – იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილსაც განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველდღე. მიჩვეულები ვიყავით ერთ წერტილში ბრძოლას, ახლა ვაკეთებთ საპირისპიროს და თანდათანობით ეს წერტილები და ლოკაციები გაიზრდება.
13:00 საათზე იქნება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო თუ რამე არ შეცვალეს გეგმაში, ჩემი მტერი ენდოს ამათ… წესით უნდა გადმოიყვანონ საქალაქო სასამართლოში. 11-საათიანი აქციების შემდეგ, როცა დადასტურდება, რომ სასამართლო არის 13:00 საათზე, ყველანი გადავალთ დიღომში. იქ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და შევინარჩუნოთ სიმშვიდე” – ამბობს მელია.