აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსული ნავთობკომპანიების სანქცირების შესახებ. ფინანსთა სამინისტრო სანქციებს უწესებს რუსულ ნავთობის მსხვილ კომპანიებს და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას
განცხადებაში ნათქვამია:
ვაშინგტონი — დღეს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აწესებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვი არ იჩენს სერიოზულ მზადყოფნას მშვიდობის პროცესის მიმართ უკრაინაში ომის დასასრულებლად. დღევანდელი ნაბიჯი კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, მიიღოს შემოსავლები თავისი საომარი მანქანისთვის და დაუძლურებული ეკონომიკის შესანარჩუნებლად.
აშშ კვლავაც იმოქმედებს მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა მუდმივი მშვიდობა დამოკიდებულია მთლიანად რუსეთის სურვილზე, კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების გამოყენებას მშვიდობის მიღწევის პროცესის მხარდასაჭერად.
„ახლა დროა შეწყდეს მკვლელობები და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა,“ — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
„ვინაიდან პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ამ უაზრო ომის შეწყვეტაზე, ფინანსთა სამინისტრო აწესებს სანქციებს რუსეთზე — კერძოდ, ორ უდიდეს ნავთობის კომპანიაზე, რომლებიც კრემლის საომარ ბიუჯეტს აფინანსებენ. ფინანსთა სამინისტრო მზად არის გადადგას დამატებითი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რათა დასრულდეს ეს ომი. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ ამ სანქციებში,“ — აღნიშნა მან.
დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას —
ღია აქციონერულ საზოგადოება „როსნეფტს“ (Rosneft Oil Company) და „ლუკოილს“ (Lukoil OAO), რომლებიც ახლა ოფიციალურად სანქცირებულად ითვლებიან.
„როსნეფტი“ წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპანიას, რომელიც საქმიანობს ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, გადაყიდვისა და წარმოების სფეროში.
„ლუკოილი“ ასევე მოქმედებს მოპოვების, გადამუშავებისა და ნავთობისა და გაზის რეალიზაციის სფეროში რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ.
„როსნეფტი“ და „ლუკოილი“ სანქცირებულნი არიან აშშ-ის აღმასრულებელი განკარგულების E.O. 14024-ის საფუძველზე — როგორც რუსული ფედერაციის ენერგეტიკული სექტორის ნაწილი ან მასთან დაკავშირებული ოპერატორები.
გარდა ამისა, OFAC სანქციებს უწესებს „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ რუსულ შვილობილ კომპანიებსაც, რომელთა სია მითითებულია თანდართულ დანართში A. აღნიშნულ სიაში შესულია ყველა ის ორგანიზაცია, რომლის 50 პროცენტზე მეტი წილი ეკუთვნის ან კონტროლდება „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ მიერ.