აშშ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა

22 ნოემბერს შეერთებული შტატები დატოვებს ღია ცის შეთანხმებას.

მიუხედავად იმისა, რომ გასული დღეების განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადებით არ დაუდასტურებია შეთანხმებიდან გასვლა, 6 თვის წინ, 21 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა გამოეთიშება ამ შეთანხმებას.

ღია ცის შეთანხმებიდან გასვლისთვის აუცილებელია შესაბამისმა ქვეყანამ ამის შესახებ 6 თვით ადრე ამცნოს შეთანხმების ხელმომწერ სახელმწიფოებს.

მაშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების პირობები უსამართლო იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

“ვფიქრობ, რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ის არ ასრულებს შეთანხმებას. ამიტომ სანამ ისინი არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ჩვენ დავტოვებთ მას. მაგრამ არსებობს შანსი იმისა, რომ მივაღწიოთ ახალ უკეთეს შეთანხმებას, ან გავაკეთოთ რამე რათა დავუბრუნდეთ შეთანხმებას ერთობლივად”, – ამბობდა ტრამპი ექვსი თვის წინ.

ტრამპის განცხადების პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს აზრადაც არ გაუვლია შეთანხმების შეუსრულებლობა.

ღია ცის შეთანხმება 

ღია ცის შესახებ ხელშეკრულება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ხელმომწერ ქვეყანათა ტერიტორიაზე შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს აწესებს.ღია ცის შეთანხმება  1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა და მას წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით, ლეგალურად ახორციელებენ, ეგრეთ წოდებულ, საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. ფრენები მიზნად ისახავს დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე ეჭვების გაფანტვის მოტივით.