ახალი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

მისი თქმით, ბიზნესთან კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.

“ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი”, – თქვა ტიკარაძემ.

გუშინ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა, რას შეიძლება შეეხოს ახალი შეზღუდვები:

“ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტების მუშაობის შეჩერება ან მათი საათების რეგულირება. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი.

შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა, შესაძლებელია ეს იყოს კვირის კიდევ რომელიმე დღე ან შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა. მაგრამ ისევ და ისევ, ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს არის მეტად საჭირო”,- თქვა ცქტიშვილმა.