ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა მძიმეა

ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან. კლინიკაში ამბობენ, რომ ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.მესამე არასრულწლოვანი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვს კი დენმა დაარტყა. დაშავდა მის დასახმარებლად ჩასული ორი მეგობარიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა –  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაკის პარკის აღდგენის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. გვინდა, რომ ეს რეკრეაციული სივრცე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის, მთლიანად მოწესრიგდეს. სამუშაოების პირველ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები, რომლებიც ასევე მოწესრიგდა. სამუშაოების მეორე ეტაპი იყო მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა და ულამაზესი გამოვიდა. ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, რომ ვაკის პარკი იბრუნებს თავის სილამაზეს და ცოცხლდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ძირითადი კასკადის რეაბილატიაც მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავშეყრის, დასვენებისა და განტვირთვისთვის. გარდა ამისა, რადგან ამ სივრცით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებისთვის სპეციალური ზონა დავამატოთ, სადაც დამატებით ახალი ატრაქციონები მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.