პარასკევი, 10 მაისი , 2024, 05:05

ბაზაზე დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხორციელდება – შსს-ს განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, ენმ–ს ოფისთან ახლოს “ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება”.

IPN–თან საუბრისას უწყება ამტკიცებს, რომ ბაზაზე “არაფერი განსაკუთრებული” არ ხდება,

„აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება“, – განაცხადეს შსს-ში.

ცნობისთვის, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან ახლოს, კახეთის გზატკეცილზე სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება.

შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე ჩანს რამდენიმე ავტობუსი და პიკაპი, რომელშიც სავარაუდოდ სამართალდამცავები სხედან. ასევე, კადრებში გამოჩნდა, როგორ აწყობდნენ პოლიციის ავტომობილში სპეცრაზმელების ფარებს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს.