ბანკებში დღეს მოქმედი საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა შემცირდეს– მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმაკვლევითმა ორგანიზაციებმა, საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატში, ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხები განიხილეს. ვიდეოკონფერენციას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

ეს პლატფორმა პრემიერმინისტრის დავალებით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

განსახილველ თემებს შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პოსტკრიზისულ გეგმაში დამატებითი ღონისძიებები ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად; სამშენებლო- დეველოპერული სექტორისა და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკა და კერძო სექტორში კორპორაციული მმართველობის განვითარება, როგორც პოსტკრიზისული ინსტრუმენტი.

მთავრობის ინფორმაციით შეხვედრის მიმდინარეობისას, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეროვნული ბანკის მისამართით წამოჭრილი მთავარი საკითხი ლარის ლიკვიდობის მიწოდებას შეეხებოდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან და ანალიტიკურ – კვლევით ორგანიზაციებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს.