ბასილაშვილს შვილისთვის წელიწად-ნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია, სახლს ართმევს – ადვოკატი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ჩოგბურთელს წელიწად-ნახევარია არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდია და ასევე, სახლს ართმევს სასამართლოს გზით.

PHR-ის წარმომადგენელის ინფორმაციით, ცოლ–ქმარი სასამართლო დავის გარეშე შეთანხმდნენ ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე, თუმცა ბასილაშვილმა ალიმენტი მხოლოდ ორჯერ გადაიხადა.

“ბასილაშვილმა დანაპირები, რომ ბავშვზე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იზრუნებდა, ანუ ალიმენტს გადაიხდიდა, რაც მისი მოვალეობაა, როგორც ერთ-ერთი მშობლის, არ შეასრულა. მას შეთანხმების შემდეგ მხოლოდ ორჯერ აქვს გადახდილი ალიმენტი და რადგან ნელიმ დაიწყო მის წინააღმდეგ გარკვეული სამართლებრივი პროცედურები ძალადობის საფუძველზე, სრულიად შეწყვიტა ვალდებულების შესრულება ბავშვთან მიმართებაში. დაახლოებით წელიწად-ნახევარია არცერთი თეთრი არ გადაუხდია”, — ამბობს ანა აბაშიძე On.ge–სთან ინტერვიუში.

რაც შეეხება სახლს, როგორც ადვოკატი განმარტავს, ამავე შეთანხმებაში წერია, რომ ერთ-ერთი სახლი ბავშვის სახელზე გადაფორმდებოდა და ეს იქნებოდა მისი ქონება, თუმცა უკანასკნელ მომენტში ბასილაშვილმა ამაზე უარი თქვა და ახლა სასამართლოში “ამტკიცებს, რომ ეს სახლი მისია და არ უნდა დარეგისტრირდეს მისი შვილის სახელზე”.

“როცა პირველად განაცხადა ნელი დოროყაშვილმა, რომ დედამთილი ძალადობდა მის არასრულწლოვან შვილზე და მოითხოვა ორდერის გამოცემა, გაბრაზდნენ და ნელის შეფასებით, დასჯის მიზნით ბავშვს წაართვა შეთანხმებული სახლი. ახლა მიმდინარეობს დავა სასამართლოში”, – აცხადებს დოროყაშვილი ადვოკატი.

გამოცემასთან საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ სასამართლომ ბასილაშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა ჩოგბურთელს ის არ გაუსაჩივრებია.

“მოსამართლემ მოისმინა არა ერთი ეპიზოდი, არამედ წლების განმავლობაში სხვადასხვა მოქმედება, ამის გამამყარებელი არგუმენტები და მტკიცებულებები და თქვა, რომ დიახ, ჩადენილია ოჯახში ძალადობა და რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ იმ ეპიზოდს, რომელიც მაისის თვეში მოხდა”,– ამბობს აბაშიძე.