ბაჩიაშვილის გატაცებაში სპეცსამსახურებთან ერთად, “ჯორჯიან ეარვეისიც” მონაწილეობდა – TI

“ბაჩიაშვილის გატაცებაში სპეცსამსახურებთან ერთად, “ჯორჯიან ეარვეისიც” მონაწილეობდა” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა ” თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

“როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ბაჩიაშვილის თქმით, მისი გატაცებისა და საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისიც” მონაწილეობდა. ბაჩიაშვილმა დაასახელა აღნიშნული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ტიპიც – „ბომბარდიერი“, რომლითაც, ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში ჩამოიყვანეს. ავიაკომპანია ამას, ცხადია, არ ადასტურებს. თუმცა, bm.ge-ს ცნობით, რომელიც სარადარო ინფორმაციას ეყრდობა, „26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტი. 4L-TGB ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო. შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად, უცნობია, თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.“ ეს არასრული, თუმცა მაინც საკმაოდ ინფორმატიული ცნობა წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ბაჩიაშვილის ინფორმაცია მისი გატაცების უკანონო სპეცოპერაციაში „ჯორჯიან ეარვეისის“ მონაწილეობის შესახებ სწორი იყოს.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” შესაძლო მონაწილეობა ამ უკანონო ოპერაციაში გაკვირვებას არ იწვევს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან და რუსეთთან მისი კავშირებიდან გამომდინარე.

2023 წლის ივლისში, უკრაინის ხელისუფლებამ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა. ასევე დაასანქცირა თამაზ გაიაშვილის ძმა დავით გაიაშვილი, რომელიც „ჯორჯიან ეარვეისის“ 80%-ს ფლობს. სანქცირების მიზეზი „ჯორჯიან ეარვეისის“ რუსეთში ფრენებია, რომელიც 2023 წლის მაისში, კრემლის მხრიდან საქართველოზე ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ დაიწყო. თამაზ გაიაშვილი საჯაროდ მიესალმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენის შესახებ. უკრაინის მიერ კომპანიის სანქცირების გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს “აზიმუტსა” და “რედ ვინგსს”.

2023 წლის 20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ჯორჯიან ეარვეისს” ბოიკოტი გამოუცხადა და თან აღნიშნა: „ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რათა გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა „კოვიდის“ დროს და ახლა უნდა, ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის”. თავის მხრივ, თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მისი ბორტით სარგებლობა შეუზღუდა.

2025 წლის 12 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპის საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს თამაზ გაიაშვილზე სანქციების დაწესება მოუწოდა“, – წერია TI-ის სამართლებრივ შეფასებაში.