ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, ჩემთვის სიმართლე ენმ-ს ხმებზე მნიშვნელოვანია – ჯაფარიძე

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე სალომე სამადაშვილს პასუხობს, რომელმაც მას მოუწოდა, რომ ბოდიში მოიხადოს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

“სალომე სამადაშვილმა იმ გადაცემაში საკითხი დააყენა ასე, რომ მე თავი უნდა დავანებო სიმართლის საუბარს თუ მინდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ხმები მივიღო, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის, ნებისმიერი ხმა. ამ პოზიციაზე ვარ დღესაც, იგივე აზრზე ვარ და არაფრისთვის ბოდიშს არ ვიხდი, იმიტომ რომ ბოდიში მოსახდელი არ მაქვს”,- ამბობს ჯაფარიძე.

გირჩის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ არ ესმის, რას გულისხმობს სამადაშვილი თავდასხმაში, რადგან თუ რამე შეიძლება თავდასხმად შეფასდეს, ეს არის სააკაშვილის განცხადება, რომელმაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს “პარტიუკები” და “პოლიტიკანები” უწოდა. ჯაფარიძე ამბობს, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.

ცნობისთვის, დღეს ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა ჯაფარიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, გირჩის ლიდერმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შეურაცხყოფა მიაყენა, როცა განაცხადა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ხმები.

23 სექტემბერს, ტვ პირველზე დებატებისას სამადაშვილმა ჯაფარიძეს უთხრა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ენმ-ს მხარდაჭერა გირჩის ლიდერისთვის “საჩუქარია”, ამიტომ მან მადლობა უნდა გადაიხადოს, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა, რომ “ტყუილად ჰგონია, რომ საჩუქარია”. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში არიან გირჩის მხარდამჭერები, რომლებმაც სხვა ოლქებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი.