გიგა ბოკერია ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნება მზად არის ნაბიჯების გადასადგმელად.
“რა თქვა [კობახიძემ] მეორეხარისხოვანია, უნდა ვნახოთ დგამენ თუ არა ნაბიჯებს ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია და რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა, მათ შორის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლება, რაც დაგვაწყებინებს კრიზისის განმუხტვას.
რასაც ადგილზე ვხედავთ, ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის საფრთხეა. ამიტომ, ჯერჯერობით, არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ რაღაც შეიცვალა. თუ შეიცვლება, ძალიან კარგი. მაშინ უნდა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე მელიას, რურუას და ნებისმიერი ახალი, სხვა პოლიტპატიმრის გარეშე და ამ ნორმალური არჩევნების შედეგად უნდა შეეგუოს ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამომრჩევლის ნებით ძალაუფლების ჩამოშორებას“,- განაცხადა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ამასთან, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გამოავლენს კონსტრუქციულ მიდგომას, თუმცა გარკვეული პრინციპების დაცვით.