ბოკერია მოსმენებზე ამბობს, რომ საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი არ აქვს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სუს-ის ფაილების საქმის გამოსაძიებლად საპარლამენტო ინსტრუმენტის გამოყენებას აზრი არ აქვს.

მისი თქმით, ოპოზიცია ფოკუსირებული უნდა იყოს არჩევნებზე.

“ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ივანიშვილის ნაბიჯების შედეგად გასცდა იმ ზღვარს, როდესაც სხვა ვითარებაში, ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაში ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იქნებოდა.

ჩვენ ამას გაცდენილები ვართ. ჩვენ ახლა ერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლა და ამ რეჟიმის დამარცხება ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, თუნდაც გულწრფელი მოტივით, იქცევა ფიქციად და უბრალოდ სპექტაკლად, თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს და არ არის მიზანშეწონილი”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, “ლელოს“ ინიციატივააა, რომ ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს და დაიბაროს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. ნიკა მელიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები “ივანიშვილის თავყრილობაში” მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან მათი უმრავლესობა ველზეა გასული და არ სცალია.