ბრალდების მხარე დავით კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს

ბრალდების მხარე დავით კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას 20-დღიანი გადახდის ვადით ითხოვს. დაცვის მხარე აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმება და აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.

“დანაშაულის ხასიათის მოტივით და იმ საფრთხეების გათვალისწინებით მიგვაჩნია რომ ამ შემთხვევაში მას უნდა შეეფარდოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება სხვა, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, როგორიც შესაძლებელია დანაშაულის კატეგორიის გათვალისწინებით როგორიც შეიძლება იყოს პირადი თავდებობა არ იქნება მიზანშეწონილი“, – განაცხადა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე.

რამდენიმე წუთის წინ,  ენმ-ის წევრმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

“მე არ გავაგრძელებ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. თქვენ რაც გინდათ, ის მიიღეთ. თავისუფლებას მიშას! ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!”, – თქვა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის, 24 ოქტომბერს რუსთავში ენმ-ს ოფისთან, ვ.ბ. რამდენიმე პირთან ერთად ოპოზიციური პარტიის საქმიანობას აპროტესტებდა. ოფისთან ძალადობის საქმეზე პარლამენტის დეპუტატის, დავით კირკიტაძისა და სამი პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ორი პირის მიმართ.