ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას ზამთარში შეტევის გაგრძელებას ურჩევს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა მოუწოდა უკრაინის ჯარებს, შეინარჩუნონ ტემპი და ზამთრის თვეებში  რუსეთის ძალებზე სწრაფი შეტევები განაგრძონ.

„იმ უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინელებს აქვთ ვარჯიშის, აღჭურვილობისა და საბრძოლო ძალების ხარისხის  თვალსაზრისით, დემორალიზებული, ცუდად გაწვრთნილი, ცუდად აღჭურვილი რუსების წინააღმდეგ, უკრაინის ინტერესშია, ზამთრის განმავლობაში ტემპი შეინარჩუნოს. მათ აქვთ 300 000 ერთეული არქტიკული საბრძოლო ტექნიკა,მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან“–განუცხადა უოლესმა Daily Beast-ს.

უოლასმა შეაქო უკრაინელები  იმის გამო, რომ მათ სიმამაცით და ოსტატობით მთელი მსოფლიო გააოცეს, ასევე ისაუბრა რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაკლოვანებებზე.

„ამ ბოლო დროს რუსული შენაერთი განალაგეს საკვებისა და წინდების გარეშე და მცირე რაოდენობის იარაღით. ეს არის კატასტროფა ბრძოლის ველზე მიმავალი ადამიანისთვის. […] აგზავნიან ხორცსაკეპ მანქანაში და უზარმაზარ არტილერიას იყენებენ. მხოლოდ ისეთ ქვეყანას,  რომელსაც არ აინტერესებს თავისი ხალხი, შეუძლია 100 000  კაცი გაგზავნოს იმისათვის, რომ მკვდრებად, დაჭრილებად ან დეზერტირებად იქცნენ“ – თქვა უოლესმა.