ბრიტანელი მომღერალი დაფი ამბობს, რომ ის მოიტაცეს და გააუპატიურეს

“გრემის“ პრემიის მფლობელი ბრიტანელი მომღერალი დაფი ამბობს, რომ ის მოიტაცეს, ნარკოტიკებით გააბრუეს და გააუპატიურეს. ის ამბობს, ახლო მომავალში საკუთარი ისტორიის დეტალებს ინტერვიუში მოყვება.

“გთხოვთ, დამიჯერეთ – ახლა კარგად ვარ და უსაფრთხოდ ვარ. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვყავდი დატყვევებული, გამაუპატიურეს და ნარკოტიკებით გამაბრუეს“ – დაწერა 35 წლის მომღერალმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

“რა თქმა უნდა, გადავრჩი. დრო დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ამის მოყოლა ადვილი არ არის. მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ათასობით დღის შემდეგ, რომლებიც დავუთმე მცდელობებს, ისევ მეგრძნო მზის სხივი საკუთარ გულში, მზე ბოლოს და ბოლოს გაბრწყინდა.“– დაწერა მომღერალმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე.

ეიმი ენ დაფი უელსის ჩრდილოეთით გუინეტის საგრაფოში დაიბადა. ის 23 წლის იყო, როცა მისმა სადებიუტო ალბომმა Rockferry მსოფლიო ჩარტების მწვერვალები დაიპყრო და 2008 წელს ბრიტანეთში გაყიდვების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. მან შვიდჯერადი პლატინის დისკის სტატუსი მიიღო და მომღერალს გრემი და Brit Awards–ის პრემია მოუტანა.

დაფიმ კიდევ ერთი ალბომი 2010 წელს გამოუშვა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

“ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანი ვცდილობდი გამებედა ამის დაწერა. ბოლომდე არ მესმის რატომ მაინცდამაინც ახლაა სწორი მომენტი“– დაწერა მომღერალმა.

“ ბევრ ჩვენგანს ვერ გაუგია, რა დამემართა, სად დავიკარგე და რატომ. შარშან ზაფხულში დამიკავშირდა ჟურნალისტი, მან იპოვნა ხერხი დამკავშირებოდა და მე მას ყველაფერი მოვუყევი.“– ამბობს დაფი და დასძენს, რომ არ უნდოდა საკუთარი ტკივილი მუსიკაში გამოეხატა და მთელ მსოფლიოს მის თვალებში სევდა დაენახა. “საკუთარ თავს ვეკითხებოდი: როგორ შემეძლო გულის სიღრმიდან მემღერა, თუ გული დამსხვრეული იყო.“– ამბობს დაფი და თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.