“სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან და ჩაკეტილი იყო ფრენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს სანქცია მოხსნა, აღდგა ძველი რეჟიმი, რაც გულისხმობს რომ აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს იყო გაფორმებული და ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა რა თქმა უნდა მიმართეს შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით.

როდესაც საუბრობენ რომ თანხმობა იყო საჭირო, რა თქმა უნდა, თუკი საქართველო სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ არ დაგვეშვა ორმხრივი ფრენები. მაგრამ, ამ ადამიანებს მინდა ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ამ ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქციები რუსეთს და ამით მოახდინოს ესკალაცია ურთიერთობის.

ეს აჩვენებს უპასუხისმგებლობას ამ ადამიანების შეფასებებისა და ზედაპირულობას,”

აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რითიც გუშინ,  8 ივნისს ბრიუსელში ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომას ეხმაურება.  კომიტეტის სხდომის ფარგლებში ევროპარლამენტარებმა კრიტიკულად შეაფასეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი.