ბუნებრივი არაა, რომ მეგობარი ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ ასეთ საქმიანობაშია ჩართული – ჰარცელი მოსმენებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სუს-დან გავრცელებულ ფაილებზე ამბობს, რომ ბუნებრივად არ მიაჩნიათ, როდესაც პარტნიორი ქვეყანა მათი წინააღმდეგ მსგავსი ტიპის საქმიანობაში იყოს ჩართული.

“თქვენ უკვე ნახეთ ბრიუსელის რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ფაქტი, რომ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, როგორც იცით, ვენის კონვენციის დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისით. ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ისეთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა როგორიც საქართველოა, ჩართულია მსგავსი ტიპის საქმიანობაში ჩვენს წინააღმდეგ”, – თქვა ჰარცელმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში დაიბარეს. მიზეზი ისაა, რომ სავარაუდოდ სუს-დან გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი უსმენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს.