გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ყველაფერი 100%-ით იქნება შესრულებული, რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს – გია ვოლსკი

“გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ყველაფერი 100%-ით იქნება შესრულებული, რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს” – პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხეებს ხედავს. როგორც მან აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გარანტირებულად სრულად მხარს უჭერს საკონსტიტუციო პროექტს, არ არსებობს 100 – იანი გარანტია, იქნება თუ არა მიღებული საკონსტიტიციო ცვლილებები.

„საფრთხეებს ვხედავთ. გუშინ ჩემმა კოლეგებმაც ილაპარაკეს ამის თაობაზე. გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით იქნება შესრულებული, რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს. ჩვენი მხრიდან რასაკვირველია გარანტია არსებობს. თავისუფალ, დამოუკიდებელ ან ახალ ფრაქციებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, მათი განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ გარანტია იქნება მაშინ, როცა მთლიანად შეიკრიბება პარლამენტი და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვინც არ მიიღებს მონაწილეობას, მათ უნდა გაიზიარონ სრული პასუხიგებლობა და პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ ამისთვის,”- განაცხადა ვოლსკიმ.