გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი – მეუფე იობი ყინწვისის ინციდენტზე

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი სასულიერო პირებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რის გამოც მამა დავით აქიაშვილი დააკავეს.

მეუფე იობის თქმით, ,,გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი”.

,,მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამე, არც ეპარქიაში, შელაპარაკება იყო. ერის კაცებს შორის მოხდა ჩხუბი და ამას მოყვა მერე ყველაფერი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს”,- აცხადებს მეუფე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გარყვნილი წესით მცხოვრები პირები, რომლებიც ხარისხის მაძიებლები იყვნენ, ,,გაყრილი” ჰყავს ეპარქიიდან.

ცნობისთვის, მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

30 აპრილს რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. განცხადებაში ეპარქია ასევე აღნიშნავდა, რომ ბრალდებული მამა დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის.