გურჯაანიდან ათობით შეტყობინება შემოვიდა, ადგილზე ტექნიკა მუშაობს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გურჯაანიდან ათობით შეტყობინება შემოვიდა, ადგილზე ტექნიკა მუშაობს  – აცხადებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ცნობისთვის, გურჯაანში ძლიერმა წვიმამ, წყალდიდობა გამოიწია. ადგილობრივების მიერ გავრცელებული ვიდეოებით დგინდება, რომ წყალმა  მანქანები და საოჯახო ნივთები წაიღო.  დატბორილია სახლები, დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები.

დატბორილ ქუჩებში ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და გზებს წმენდენ. მობილიზებულია პოლიცია.

“მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა დაიტბორა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერება გამოიწვია, დაიტბორა შენობების პირველი სართულები.
გურჯაანის გარდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი ჭანდარი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია ხევები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა ცოცხალი ძალა.
მიმდინარეობს ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები”. – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.