გუშინდელი დღის ანტიგმირი საქართველოს მთავრობაა, გმირი – ქართველი ხალხი – ვაშაძე გახარიას

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი გიორგი გახარიას მიმართავს, ნუ დაიბრალებენ გუშინდელ დღეს, რადგან საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს.

,,გახარია, ნუ დაიბრალებთ გუშინდელ დღეს! თქვენს უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს! მსოფლიო მედიაც შოკშია! ამიტომ სჯობს ცოტა ხანს გაჩუმდეთ!

გუშინდელი დღის ანტიგმირი – საქართველოს მთავრობა

გუშინდელი დღის გმირი – ქართველი ხალხი!”,- წერს Facebook-ზე გიორგი ვაშაძე.

დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს, ვინც ტაძრებში არ წავიდა, ან რეკომენდაციები დაიცვა, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ,,გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!”.

საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიაში დაწესებულმა, განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა რა როლი ითამაშა, ამას ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.