ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ვაშინგტონში მიმდინარე ამბებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.
“დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში, ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. ცხადია, ეს ბევრ ადამიანს ესმოდა, ვინც ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა. თუმცა ახლა, როდესაც რუსეთის ეს პოლიტიკური პროექტი, პრინციპში, ფიასკოთი დასრულდა და ინსტიტუციურმა მოწყობამ, რომელიც აშშ-ს დამფუძნებელმა მამებმა ორი საუკუნის წინ შექმნეს, იმუშავა, დროა გაბედული ნაბიჯები გადაიდგას:
1. დაიწყოს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა, ეს მას სამუდამოდ ჩამოაშორებს პოლიტიკას, ასევე პრეცედენტს შექმნის მომავლისთვის. 2. რუსეთის ჰიბრიდული ომი აშშ-ს წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების მანიპულირებით საკუთარი ამოცანების განხორციელება, აშშ-ს უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს; 3. ძლიერი, ორ-პარტიული ინიციატივებით დაიწყოს აშშ-ს მორალური ავტორიტეტის აღდგენა მსოფლიოში”,– წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
6 იანვარს, აშშ–ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. მანამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ საპრეზიდენტი არჩევნები გაყალბდა და ჯო ბაიდენს არ გაუმარჯვია.
ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის დროს ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და გარდაიცვალა. ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს კიდევ 3 ადამიანი ემსვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა.
ვაშინგტონში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში სიწყნარეა და კონგრესის სხდომა მიმდინარეობს.