ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებებს პასუხობს.
მისი თქმით, არ არის აუცილებელი, პრობლემა ეძებონ იქ, სადაც ის არ არის.
“ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენი გუნდის ლიდერების მიმართ, ჩვენ ერთიანობისკენ სწრაფვა და ერთიანობის სურვილი და კოორდინაცია არაერთხელ ვაჩვენეთ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ყველაზე მძლავრი პარტია ვართ და შესაბამისად, ამბიციებიც შესაძლებელია დიდი გვქონოდა. ამიტომ პრობლემა იმაში კი არ არის, ვის რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილთან ან ენმ-სთან, პრობლემა იმაშია, რომ ამ სიტუაციაში კი მოვახდინოთ კოორდინაცია”,- თქვა დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ენმ-ს და მიხეილ სააკაშვილს მტრის ხატად წარმოაჩენენ.
“ის გზავნილი, რომ რაღაც მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ისევ მტრის ხატად წარმოაჩინონ, ეს ახლა, გულწრფელად და ხმამაღლა ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რასაც დღემდე საუბრობს იგივე ირაკლი ღარიბაშვილი. მაგალითად, გუშინ რამდენჯერმე ახსნა დესტრუქციული ძალა”,- აცხადებს დეკანოიძე.
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია უნდა შექმნას.
ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ ევროპული საქართველოს წევრები. სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარული ოლქების შეთანხმებაზე აპირებს კონცენტრირებას, ამიტომ სხვა იდეას არ განიხილავენ. ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილს ეს განცხადება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ნაცციონალური მოძრაობა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს.
სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა გიგი უგულავაც, რომელმაც თქვა, რომ ეს იდეა არარეალიზებადია.