დიდი ზიანის მომტანია მათთვის – ხერხეულიძე პარტიებზე, რომლებიც აქციას არ უერთდებიან

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდებიან, ხალხის რაოდენობით უპასუხებს.

მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება მათთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება, ამიტომ ახსნა არ აქვს, რატომ იკავებენ თავს აქციაზე მისვლისგან.

“ვერ გეტყვით, როგორ საზღვრავენ, ვის უნდა დაუჭირონ მხარი და ვის არა. პრეტენზია უამრავი შეიძლება ჰქონდეთ [სააკაშვილთან], მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის კლასის პოლიტიკოსი არ ჰყავს ამ ქვეყანას კი არა, რეგიონს, კონკრეტული გატარებული რეფორმები [ადასტურებს]. მისდამი სოლიდარობის არგამოცხადება მართლა წესიერებისა და უწესობის ზღვარზე გადის. თავი მინდა შევიკავო, იმდენად აღმაშფოთებელია ჩემთვის”,- ამბობს ხერხეულიძე ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, ის თავად ყველა პროცესს დაესწრება, სადაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას გააპროტესტებენ.

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი. ამის შესახებ დღეს განაცხადა ლელომაც.