დღეს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს პასუხს გასცემენ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დღეს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს ვინიცის, მიკოლაევისა და ხარკოვის დაბომბვისთვის პასუხს გასცემს. ამის შესახებ არესტოვიჩმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

„ჩვენ მათ ვურტყამთ, ხოლო ისინი ჩვენ. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ისაა, რომ ჩვენ ვურტყამთ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს. უკვე 300 წელია ცივილიზებულ სამყაროში ომის წესები გულისხმობს ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას მოქმედების მეთოდებისა და განადგურების საშუალებების არჩევისას.

თუ ომისას პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია მტრის დაჭრა და არა მოკვლა, წესები გულისხმობს, რომ მტერი მხოლოდ უნდა დაიჭრას. ფრთოსანი რაკეტების სროლა ქალაქის ცენტრში არ არის მხოლოდ ომის წესების დარღვევა. ესაა ლოგიკისა და ცივილიზაციის უარყოფა. და ცივილიზაცია იძლევა პასუხს. ეს პასუხი არ იქნება სწრაფი, რადგან ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. მაგრამ ყოველი ასეთი დარტყმა აჩქარებს ცივილიზაციის მიერ ზომების მიღებას ანტიცივილიზაციის წინააღმდეგ: სანქციებს, იარაღის გადაცემას. იქნება კიდევ ბევრი ჩვენი დარტყმა, მათი საპასუხო დარტყმა, ისევ ჩვენების, ისევ მათი.

პუტინის რეჟიმი დამარცხდება ბრძოლის ველზე, მისი დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. და მას მოკლავს როლი, რომელიც მათ თავად აირჩიეს – ანტიცივილიზაცია.

დღეს ღამით, ЗСУ (თვითმავალი საზენიტო ქვემეხი) ოკუპანტებს ვინიცის, მიკოლაევისა და ხარკოვისთვის პასუხს მოჰკითხავს“, – წერს არესტოვიჩი.

უკრაინის ქალაქ ვინიცაში დღეს, 14 ივლისს მომხდარი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას ამ დრომდე აზუსტებენ, ნანგრევებში მოყოლილებს კი მაშველები ეძებენ. დილით, ქალაქის ცენტრის დაბომბვას, ბოლო ინფორმაციით 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. 80-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 39 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.