ევროპარლამენტარები სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირებას ითხოვენ

23 ევროპარლამენტარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირებას ითხოვს. აღნიშნული წერილით ევროპარლამენტარები, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში,  ჯოზეფ ბორელს მიმართავენ. განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი იმაში, რაშიც მას ადანაშაულებენ, მისი ადამიანის უფლებები და თანასწორობა უნდა იყოს პატივცემული.

”წერილზე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები, გამოვხატავთ ჩვენს უმაღლეს დამოკიდებულებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების შესახებ, რომელიც ამჟამად გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის რისკების და საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა ციხის თანამშრომლების მხრიდან მისდამი მოპყრობის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველმა და ექიმების ჯგუფმა მიიჩნია, რომ გლდანის ციხის სამედიცინო აღჭურვილობა არ არის შესაბამისი, რომ უზრუნველყოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და გარანტირებული გახადოს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს უარის თქმას მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მიუხედავად ომბუდსმენის და ექიმების რეკომენდაციისა, რომლებიც შიშობენ, რომ სააკაშვილი, შესაძლოა, ციხეში მოკვდეს თუ სიტუაცია არ შეიცვლება.

მიუხედავად იმისა, არის თუ არა დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი იმაში, რაშიც მას ადანაშაულებენ, მისი ადამიანის უფლებები და თანასწორობა უნდა იყოს პატივცემული. როგორც ამ დროისთვის სჩანს, მას უარი ეთქვა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე პოლიტიკური საფუძველით. ასევე, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ უარი უთხრა მას დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ის ფაქტი, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე, ასევე დიდი შეშფოთების საგანია.

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო ჩაერია პროცესში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზომების მიღებით, ჩვენ გვჯერა რომ ევროკავშირმაც უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს მოახლოებული საფრთხე გამოუსწორებელი ზიანისა.

ამგვარად, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს ჰქონდეს სწრაფი რეაგირება იმისთვის, რომ სწორად მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, რომ უმაღლესი ხარისხით იქნეს დაცული მისი ჯანმრთელობა და ასევე დარწმუნება იმაში, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები შეძლებენ მასთან ციხეში შესვლას.

ევროკავშირმა სერიოზულად უნდა მიიღოს მხედველობაში სანქციების დაწესება იმ ინდივიდუალური პირების მიმართ, ვინც დაუშვა მიხეილ სააკაშვილისადმი არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობა“ – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ:

რიჰო ტერასი,

ზბიგნევ კუზმიუკი,

ანდრიუს კუბილიუსი,

იუზას ოლეკასი,

პატრიკ ჯაკი,

იანუშ საირუს – ვოლსკი,

რობერტ ზილე,

რადოსლავ შიკორსკი,

ტომაშ  პორება,

ჯერზი ბუზეკი,

რასა იუკნევიჩიანე,

ვიტოლდ ჯან ვასიკოვსკი,

ჩარლი ვეიმერსი,

დეის მელბარდე,

ლიუდას მაჟილისი,

არბა კობალარი,

მარიან მარინესკუ,

პიტერ პოლაკი,

ბერნარ გეტა,

ჟაკ მედისონი,

ანტონიო ლოპეს – ისტურიზ ვაითი,

რაფაელ გლუკსმანი,

ანნა ფოტიგა.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მას გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა.