ევროპა საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში მაღაზიები გაიზხსნა და შემზღუდავი ზომები შესუსტდა. ერთთვიანი კარანტინის შემდეგ, როცა მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტით ვაჭრობა შეიძლებოდა, მაღაზიები იხსნება შვეიცარიაში, ჟენევის კანტონში.

სათამაშოების, ტანსაცმლის და წიგნების მაღაზიები გაიხსნა პარიზშიც. ამგვარად, ბიზნესი მყიდველის გარეშე არ დარჩება ყველაზე მომგებიან წინასაშობაო პერიოდში. პირველ მყიდველებს დღეს  ზოგ მაღაზიაში  აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. საფრანგეთის ხელისუფლებამ “შავი პარასკევი“ მომავალი კვირისთვის გადაიტანა, რათა ონლაინ მოვაჭრეებს უსამართლო პრივილეგიით არ ესარგებლათ.

ვაჭრობა განახლდა მთელ პოლონეთში, თუმცა მაღაზიის მფლობელებს კვლავ ევალებათ ზოგიერთი შეზღუდვის დაცვა: შენობაში 10 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი კლიენტის დაშვება შეიძლება.

შეზღუდვები მსუბუქდება გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში.

იტალიის ხელისუფლება კვირიდან ნაწილობრივ ხსნის კარანტინს ლომბარდიის და პიემონტეს რეგიონებში, ქვეყნის ჩრდილოეთით. ასევე სამხრეთით კალიბრიაში, სადაც საფრთხის დონე წითელის ნაცვლად ნარინჯისფერი გახდა.

ირლანდია შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის, რათა მეწარმეებს მუშაობის განახლების უფლება, მოქალაქეებს კი შობის ერთად გატარების უფლება მისცეს.

ბულგარეთში კი პირიქით, დღეს ბოლო დღე იყო, როცა ადამიანებს მაღაზიაში და რესტორნებში სტუმრობა შეეძლოთ. მომავალი კვირიდან აქ შეზღუდვები შედის ძალაში იმის გამო, რომ ქვეყანაში ევროკავშირის სივრცეში დაინფიცირების ყველაზე მაშტაბური ზრდა დაფიქსირდა.