ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს, თუმცა ისევ დააკავეს

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს საღამოს მთავრობის კანცელარიასთან რუსული კეტჩუპის დასხმის შემდეგ დააკავეს, გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე საათში ის ისევ დააკავეს. მასთან ერთად დაკავებული არიან მისი პარტიის სხვა წევრები.

მან და პარტიის წევრებმა კანცელარიასთან რუსული პროდუქცია მიიტანეს, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რის გამო დააკავეს ისინი.

დროას წევრები აპროტესტებდნენ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც გუშინ გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, დღეს რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ სურს 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამაზე მოლაპარაკებებს 2020 წლიდან აწარმოებენ.