რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს – სურსათის ეროვნული სააგენტო

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმიანება რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთს 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემა სურს.

ქართული მხარის განმარტებით, ამაზე მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს.

“2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში”,– წერია უწყების განცხადებაში.

“როსსელხორნადზორის” განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც როსსელხორნადზროსის ხელმძღვანელმა გამართა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან, გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან.