ენმ-ის წევრები დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს ფლობენ, მზად ვართ, საჩუქრად მივიღოთ – კალაძე

თბილისი მერის კახა კალაძის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის.

მისი თქმით, მერია მზად არის საჩუქრად მიიღოს ის ტერიტორიებიც, რომლებსაც დიღმის ტყე-პარკში ნაციონალური მოძრაობის წევრები ფლობენ.

“არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება ეს არ არის. მეტსაც გეტყვით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს ტერიტორიები საჩუქრად, არანაირი კანონდარღვევა არ არის ამაში, გადმოგვცენ, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდეგ მათ პროექტის განხორციელებისთვის ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ თავზე ავიღებთ და მუნიციპალიტეტი განახორციელებს დიღმის ტყე-პარკში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას”, – თქვა კალაძემ.

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი.

ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია თბილისს გადასცა, რომელზეც ქართული ოცნება ცენტრალური პარკის გაშენებას გეგმავს. იპოდრომის ტერიტორია 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კომპანია ინვესტ კაპიტალს ეკუთვნოდა. 2020 წელს ქართული ოცნების თავმჯდომარის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას (ფონდი ქართუ) ტერიტორია 60 მილიონად მიჰყიდა.