ენტონი ბლინკენი პრიგოჟინის ამბოხზე: ჩვენ ამ პიესის დასკვნითი აქტი ჯერ არ გვინახავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთში აჯანყების მცდელობა კიდევ დიდხანს იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

„ვფიქრობ, ჩვენ ჯერ არ გვინახავს დასკვნითი აქტი“, – თქვა ენტონი ბლინკენმა CBS-თან ინტერვიუში. ბლინკენი თვლის, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა მოხდება მომავალში  ვაგნერის გარშემო.

„ჩვენ ვხედავთ სულ უფრო მეტ ბზარს, რომელიც ჩნდება რუსეთის ფასადზე. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ სად მიდიან ისინი… მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ბევრი ახალი საკითხი, რომლებთანაც პუტინი უახლოეს კვირებსა და თვეებში მოუწევს გამკლავება“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, კრიზისის შედეგად არც ვაშინგტონმა და არც მოსკოვმა არ შეცვალეს პოზიცია ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და ჯო ბაიდენს არ უცდია რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირება ამბოხების მცდელობის დროს.

იმავდროულად, ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა ფილიპ ინგრამმა, ვაგნერის სამომავლო პერსპექტივაზე მსჯელობისას, Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ამ ჯგუფის გავლენა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ბევრი ფიქრობს.

ვაგნერი უფრო მეტია, ვიდრე მათი როლი უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხაზგასმით აღნიშნა ინგრამმა და გაიხსენა, რომ ეს კერძო სამხედრო კომპანია აკონტროლებს მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებს სირიაში, ლიბიაში, მოზამბიკში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და სუდანში.

ინგრამის თქმით, ოქროსა და ალმასის მაღაროების კონტროლით და მათი „კრიმინალური კავშირებით“ ისინი „კორუფციაში ითრევენ ქვეყნების ლიდერებს“, რათა გააფართოვონ ვლადიმერ პუტინის გლობალური გავლენა.

მისი თქმით, ოქრო და ბრილიანტები სანქციების ქვეშ მყოფებს სიმდიდრის შენარჩუნებაში ეხმარება.

ამ მიზეზით, პრიგოჟინს ჯერ კიდევ აქვს ბერკეტები მოსკოვში ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ამბობს ბრიტანული დაზვერვის ყოფილი ჩინოვნიკი.