ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, სადაც დაიწყება ტურისტების მიმოსვლა – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო იქნება რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და ტურისტების მიმოსვლა დაიწყება.

მისი თქმით, მთავრობა სპეციალურად ტურიზმის სექტორისთვის განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას ამზადებს.

„ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა, განსხვავებული გვერდით დგომა, რომელიც დღემდე მთლიანად ედგა გვერდში საქართველოს და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მას. თუკი სხვა ბიზნესები კიდევ ამოიქოქება, ტურიზმში გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ვერ დაძლევს პანდემიას და შეზღუდვები შენარჩუნდება, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ამიტომ ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას. ესენი არიან გიდები, რომლებსაც გაუჭირდათ დღეს, ტუროპერატორები და ა.შ. მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა.

ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო. ტურიზმის მიმართ ახალი მოთხოვნები დაისმევა. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა. ეს გეგმაც მუშავდება“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის 18 მარტს ჩაიკეტა.