ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა – კალაძე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ,,ქართული ოცნება” საარჩევნო ცვლილების მხარდასაჭერად მზად არის და თუ ის ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

,,მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს, იმიტომ, რომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ფასილიტაციის და ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და მგონი, ადამიანები კარგად გააკეთებენ ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზიციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს”,- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ შეთანხმებულან და ვერც შეთანხმდებოდნენ.

,,8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს წაიკითხოს და მოისმინოს ასევე ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. შეთანხმება ხომ ის არის, როდესაც ადამიანები რაღაცაზე თანხმდებიან, ის უნდა იყოს შესრულებადი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი კომპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა“,- განაცხადა კალაძემ.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ 8 მარტს საარჩევნო სისტემის გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ოპოზიციასთან არ შეთანხმებულა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს შეთანხმება შედგა, ივანიშვილი კი მეორედ ცდილობს მათ გადაგდებას.

ევროპარლამენტარები ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეასრულონ შეთანხმება – გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.