” როცა ვხედავთ, როგორ შორდება ეს ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას, ვერ ვხედავ შემდეგი ნაბიჯის შეთავაზების აზრს” – ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ერთ მხარეს არ აქვს. ევროპარლამენტარი თვლის, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივებს შორდება, რაც ევროპარლამენტში იმედგაცრუებას იწვევს.
“ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, თუ როგორი რეაქცია ექნებათ მომხდარზე სტრატეგიულ პარტნიორებს. ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც ამ შეთანხმების ინიციატორია, მაგრამ ყველა მხარემ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას და მხოლოდ ერთი მხარის გადასაწყვეტი არაა მათი ხელმოწერების ანულირება, არიან სხვა პარტნიორებიც და მე ყველა მათგანს უნდა დაველაპარაკო, უნდა გავესაუბრო რამდენიმე ჯგუფს. სწორედ ამიტომ მივდივარ მერიოტში და ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ შუადღისას გავმართავ. ჩემი აზრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუდან გამომდინარე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, ის საუბრობს იმის შესახებ, რომ უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ერთად კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვხედავთ როგორ შორდება ეს ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას, როგორ იღებენ აქ გადაწყვეტილებებს, ვერ ვხედავ შემდეგი ნაბიჯის შეთავაზების აზრს, ახლა ჩვენ ყველა ძალზედ იმედგაცრუებულები ვართ”, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი