ვინც იარაღს არ დაყრის, გავანადგურებთ – ყაზახეთის შსს დემონსტრანტებზე

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მანიფესტანტები, რომლებიც უარს ამბობენ იარაღის დაყრაზე, განადგურდებიან.

„იარაღის დაყრის კანონიერი მოთხოვნის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქვეყანაში პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რაზმების პატრულირება გააქტიურდა, მოეწყო საგუშაოები, სამართალდამცავები კი ადგენენ და აკავებენ დამნაშავეებს. ამ დროისთვის პოლიციამ დააკავა აქციებში მონაწილე 2 298 პირი.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღის წინ, თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ მანგისტაუს რეგიონში დაიწყო. შემდეგ აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. პროტესტი ამის მიუხედავად არ ცხრება და სიტუაცია დღითიდღე იძაბება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას” ОДКБ-ს მიმართა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ჯარების გადასროლა უკვე დაიწყო.