ყაზახეთის პრეზიდენტი “ტერორიზმისგან” დასაცავად დახმარებას ОДКБ-ს თხოვს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას” ОДКБ-ს მიმართა.

თოყაევის თქმით, საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს მთლიანობას, რადგან “ტერორისტული ჯგუფები” კარგად არიან მომზადებული და მათ მომზადება საზღვარგარეთ გაიარეს.

“მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გაიარეს სერიოზული მომზადება საზღვარგარეთ და მათი თავდასხმები ყაზახეთზე უნდა იყოს განხილული როგორც აგრესიის აქტი. ამის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, დღეს მე მივმართე ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს, რათა ამ ტერორისტული საფრთხის ქვეშ მყოფ ყაზახეთს დახმარება აღმოუჩინოს” – ამბობს ყაზახეთის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. გუშინ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.