“დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას ” – წერს “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“,- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის დამფუძნებლის, ჩად ბრონშტეინის განცხადებით, მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბის იზოლატორი დატოვა.
აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ სასტუმროს ტერიტორიაზე მომხდარი ჯგუფური დაპირისპირების საქმეზე 10 პირი დამნაშავედ ცნო. როგორც სასამართლო ოფიციალურ განცხადებაში წერს, ჩხუბი ვიდეოზე იყო გადაღებული და მხარეებს შორის არსებული წინა უთანხმოების შემდეგ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვია.ექვს ბრალდებულს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიესაჯა.
11 ნოემბერს, აბუ დაბიში, RAF-ის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩასულ მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს მიცემისას თავს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები დაესხნენ. დაპირისპირებაში მონაწილეობდა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, 21 წლის მოჭიდავე, საბა ლაზიშვილი, რომელიც ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.


