ვისაც ფილერი აქვს, არ შეიკავოს თავი ვაქცინაციისგან – კულუმბეგოვის განმარტება

იმუნოლოგ–ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმატავს, რა ზემოქმედება აქვს კოსმეტიკურ ფილერს ვაქცინით აცრისას.

“ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ პასუხი იმუნიტეტის ჯვარედინი, გრიპის ვაქცინაციის დროს, წლების წინ არის აღმოჩენილი. ეს არ არის ახალი მოვლენა, თუმცა ასევე ფაიზერთან მიმართებით, აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეს შეამჩნიეს.

დღეს არსებობს რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება. თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაც კი არის მოწოდებული პრედნიზოლონის ტიპის პრეპარატებით, სულ რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ის უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან”, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი ფორმულასთან ინტერვიუში.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გართულება იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს კოსმეტიკურ ფილერს.