ვისთან ერთად მიიღო პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება – Bloomberg

Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს ბრძოლა უკრაინაში. რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც რეჟიმს მედიასთან ინტერვიუში აკრიტიკებენ, ვერ ხედავენ ნიშანს, რომ პუტინი მზადაა, განიხილოს შეჭრის შეწყვეტა დანაკარგების გათვალისწინებით.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში პუტინის მრჩეველთა წრე და კონტაქტები კიდევ უფრო დავიწროვდა იმ შეზღუდული ჯგუფისგანაც კი, რომელიც მანამდე რეგულარულად უწევდა კონსულტაციას პუტინს.

რაც შეეხება შეჭრის შესახებ გადაწყვეტილებას, ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ ის პუტინმა რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მიიღო. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეზღუდულმა ინფორმაციამ ხელი შეუწყო კრემლის არასწორ გათვლას შეტევის პირველ დღეებში, ფსონს უკრაინის ჯარებისა და ოფიციალური პირების უფრო ფართო მხარდაჭერაზე, ასევე უფრო სწრაფ სამხედრო წინსვლაზე. პუტინმა ასევე ვერ შეაფასა უკრაინელი კოლეგა, რომელსაც თავდაპირველად სუსტად აღიქვამდა.

პუტინთან დაახლოებული წრე, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის შეჭრას, სულ უფრო იზიარებს აშშ-ს დაზვერვის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებულ შიშს, რომ პუტინმა შესაძლოა მიმართოს ბირთვული იარაღის შეზღუდულ გამოყენებას, თუ კამპანიის წარუმატებლობას წააწყდება, რომელსაც ის თავის ისტორიულ მისიად მიიჩნევს.