თიბისის მხარდაჭერით ყაზბეგში ოქტომბერში ახალი სასტუმრო გაიხსნება

ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში პანდემიის პერიოდის მიუხედავად, ვახტანგ და შალვა ქირიკაშვილებს სასტუმროს მშენებლობა არ შეუჩერებიათ. უკვე არსებული გესტ ჰაუსის გაფართოვება გადაწყვიტეს და თიბისის მხარდაჭერით ახალი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყეს. ამჟამად მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

„სასტუმროს გახსნას ოქტომბერში ვგეგმავთ, გვინდა, რომ ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ. გათვლას ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ვაკეთებთ. დაახლოებით 30 სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომლებსაც სრულ მომსახურეობას ვთავაზობთ, მათ შორის, ძალიან მოთხოვნად საცხენოსნო თუ საავტომობილო ტურებს ყაზბეგში,“ – ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი შალვა ქირიკაშვილი, რომელიც მამასთან ერთად უკვე 15 წელია სტეფანწმინდაში სასტუმრო ბიზნესს უძღვება.

სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი და ვერანდა, სადაც მუდმივად 10-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

სასტუმრო სტეფანწმინდის ერთერთ უძველეს დასახლებაში მდებარეობს. სასტუმროს ეზოში დამსვენებლებს ყაზბეგში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ჩოფიკაშვილების საგვარეულო ციხის ნახვაც შეეძლებათ.