თიბისი დაზღვევა 2020 წლის გამოწვევებს სადაზღვევო სექტორში პოზიციების გამყარებითა და წლის შემაჯამებელი წარმატებული შედეგებით პასუხობს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეეხო როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდ ბიზნესებს, სწორი სტრატეგიის შერჩევისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ფონზე, კომპანიამ კრიზისულ პერიოდშიც შეძლო თავისი მისიის ერთგულება და ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა, რაზეც მომხმარებელთა კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი და დაზღვეულთა მუდმივად მზარდი რაოდენობა მეტყველებს – კომპანიას 35 000-ზე მეტი ახალი დაზღვეული ჰყავს.
შედეგად, საქართველოს საცალო სადაზღვევო სექტორში თიბისი დაზღვევის ბაზრის წილი 36%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია წელსაც არ თმობს პირველობას და ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების მიმართულებით როგორც დაზღვეულთა რაოდენობით, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, ლიდერია: 2020 წელს ავტოდაზღვევის მომხმარებელბეს კომპანიამ 9 მილიონი ლარი აუნაზღაურა, თანაც 73% დისტანციურად.
წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის საქმიანობა კორპორატიულ სეგმენტშიც და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომელსაც თიბისი დაზღვევა სულ რაღაც ორი წელია რაც შეუერთდა, უკვე 200-მდე კომპანია და 15 000-ზე მეტი დაზღვეული ჰყავს.
„ასეთი ზრდის, რიცხვებისა და დინამიკის გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია სრულიად ახალი და რევოლუციური ტექნოლოგიური ცვლილებები, ინოვაციური პროდუქტები, ციფრული ეფექტური სისტემები, რაც პანდემიის პირობებში საკმარისად პოზიტიურად წაადგა თიბისი დაზღვევის საერთო მაჩვენებლებს. ეს არ იყო დაგეგმილი როგორც პანდემიის საწინააღმდეგო პრევენცია, მაგრამ საერთო გაციფრულების სტრატეგიამ ამ მხრივ ძალიან კარგად იმუშავა. დღეს ჩვენი სადაზღვევო პოლისების 70% იყიდება დისტანციურად და ზარალის ანაზღაურების შემთხვევების 80%-მდე ასეთივე სისტემით მიმდინარეობს, ანუ ფიზიკურად კომპანიის თანამშრომლის და მომხმარებლის ჩარევის გარეშე.“ – პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.